
„თეამდე ჯერ ბევრი მიკლია“
19 წლის მარიამ მათიაშვილმა ახლახან, „ასა ფართის“ ათი წლის იუბილეზე, ახალი კუბური ცეკვის სოლო პარტია შეასრულა. „ეს, თეასთან ერთად, ჩემი პირველი „ასა“იყო. პირველად ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილეზე გამოვედი. ორსული თეა კულისებში მგულშემატკივრობდა და ღელავდა. არ შევარცხვინე დედა და ანსამბლი.“ მანამდე, საკუთარ სახლში გახსნილ დედის სტუდიაში, კვირაში სამი დღე დადიოდა. თანამედროვე ცეკვასაც სწავლობდა და ქართულსაც. ქართული ცეკვის პროფესიულ დონეზე შესწავლა კი, სუხიშვილების მოცეკვავემ, მისმა პედაგოგმა, ტატა გომელაურმა შესთავაზა.
სამსახიობო უნდოდა, მაგრამ მაშინ ცეკვას უნდა შელეოდა. ამიტომაც, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი.
მარიამ მათიაშვილი: მოცეკვავე თეას რომ ვუყურებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რა ადვილია, ცეკვას რა უნდა-მეთქი. მაგრამ ეს იმხელა შრომა ყოფილა... მთელი ენერგია და დრო ამ პროფესიაში უნდა დახარჯო. თეა ძალიან მომწონდა, ყველა კაბაში სხვადასხვანაირი იყო და როდესაც მას აქებდნენ, ყოველთვის მეამაყებოდა. მაგრამ ერთადერთი მინუსი, რაც მის პროფესიას ჰქონდა, ის იყო, რომ სულ მენატრებოდა. მამასთან, დეიდასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი. მისი შემხედვარე მეც ფორმებს ვიცვამდი, ვიღებებოდი და სახლში ვცეკვავდი. მაკიაჟის გაკეთება ჩემთვის არავის უსწავლებია. ეს ნიჭი დედისგან გამომყვა.
ანსამბლში 17 წლისა მივიდა. ორი წელი სტაჟიორი იყო, ახლა უკვე სუხიშვილების სრულუფლებიანი წევრია.
„ახლა უკვე თეასთან ერთად ვცეკვავ. სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ამხელა სტაჟის მქონე პროფესიონალებთან ცეკვავ.
- როგორ ფიქრობ, ამ ყველაფერს თეას სახელით მიაღწიე?
- არა, მგონია. ყოველთვის ვცდილობდი, რომ წარმატებისთვის თეას სახელით არ მიმეღწია. მართლა ნიჭის ხარჯზე მივაღწიე. ალბათ, ჩემი შრომა დააფასეს. ანსამბლში ვიღაცის შვილობის გამო არ მიგიღებენ. რასაც ითხოვენ, ის თუ არ შეგიძლია, ვერ იცეკვებ.
- ილიკო როგორ გაფასებს?
- პირადად არ შევუფასებივარ. როცა კონცერტებში, გადაღებებზე მონაწილეობ, ხვდები, რომ ფასდები, როგორც მოცეკვავე. თეა, კონცერტზე გასვლის წინ დღემდე ნერვიულობს. მე, რომ პირველად ვიცეკვე, ისე ნერვიულობდა, კინაღამ მოკვდა. თან ორსულად იყო. ბოლომდე გვერდში მედგა. ახლა გასტროლებზე კიევში მივდივარ და ძალიან მიხარია.
- კარგია სუხიშვილების მოცეკვავეობა?
- დედა რომ ცეკვავდა, განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ანსამბლი და ვგულშემატკივრობდი. ახლა, როცა თვითონ ვცეკვავ, ორმაგად ვნერვიულობ, რამე არ შემეშალოს-მეთქი. პასუხისმგებლობა დამემატა.
- თეა რა აზრისაა შენზე?
- ბევრ შენიშვნას მაძლევს და ვცდილობ, გავითვალისწინო. თეას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, ვისი აზრიც მაინტერესებს, თეაა. „ასაზე“ „კუბურში“ სოლოს ვასრულებდი. ფოტოები რომ ვნახე, თეა უკან მედგა და ისეთი ემოციებით მიყურებს, მივხვდი, რომ მოეწონა. გამიხარდა.
მარიამს სტუდიაში უკვე მოსწავლეების ჯგუფი ჰყავს. შვილები თეასთან დადიან, მოყვარული მშობლები კი - მარიამთან.
- შენს ანსამბლში გააქტიურებას მამა როგორ ეგუება?
- რთულად, მაგრამ ეგუება. თეა სახლიდან სულ გასული იყო და ახლა მეც ავყევი. ორივე ვმუშაობთ და მამა ბავშვებთან არის.
- მოკლედ, თეას არაფერში ჩამორჩი.
- თეამდე ჯერ ბევრი მიკლია.
Love Story
მარიამ მათიაშვილი უკვე შეყვარებულია. მისი რჩეულიც ცნობილი ოჯახის შვილია. უკვე რვა თვეა, დარჩიას ქალიშვილი დავით კოდუას 17 წლის ვაჟის, ირაკლი კოდუას შეყვარებულია. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ახლა უკვე ერთმანეთის ოჯახის წევრებიც გაიცნეს.
მარიამი: მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მეტი ისეთი სერიოზული არაფერია.
- როგორ შეგაყვარა თავი?
- მანამდე მოვწონდი და იმდენი ქნა, სანამ თავი არ შემაყვარა. საჩუქრები არ მაკლია. ყურადღებიანი ბიჭია. ერთადერთია, რომელთანაც მართლა კარგად ვგრძნობ თავს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისეთი თვისებები აქვს, ყველა ქალს ესიამოვნება მასთან ურთიერთობა. იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ასაკის მიუხედავად, მამაკაცური თვისებები აქვს.
- მოსწონს შენი ცეკვა?
- ძალიან მოსწონს და ჩემით ამაყობს.
- თვითონ ცეკვავს?
- არა. არც მე მიცდია მესწავლებინა და ინიციატივა არც მას გამოუჩენია. კლუბურ ცეკვებს ცეკვავს.
- კლუბში დადიხართ?
- აქ რომ იყო დავდიოდით. ახლა ინგლისშია. ლონდონში კოლეჯში სწავლობს. ერთი თვეა წავიდა და მაისამდე იქ იქნება. მანამდე ვირტუალურად ვკონტაქტობთ.
- რაო, მენატრებიო?
- კი, რა თქმა უნდა. ბუნებრივია.
- ლონდონიდან სიურპრიზებს არ გიწყობს?
- ვალენტინობას ძალიან ლამაზი წითელი ვარდები გამომიგზავნა. ტელეფონით მომილოცა და მერე, მოულოდნელად, ვარდები მივიღე. დაბადების დღეს სიურპრიზი გამიკეთა. „ბენსიმონის“ კეტები მინდოდა და მოულოდნელად მაჩუქა. უჩემოდ გაარკვია ფეხის ზომა. რისთვის მყავს აბა, მეგობარი გოგონები? ასეთი რაღაცები არ ეშლება. იცის, როგორ მასიამოვნოს.
- შეიძლება თქვენი სიყვარულის ისტორია ქორწინებით დასრულდეს?
- ჯერ ძალიან ადრეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ამაზე არ ვფიქრობთ. მას თავისი საქმე აქვს, მე - ჩემი.
- ცნობილ სამამამთილოს იცნობ?
- ჯერ არ არის სამამამთილო. ისე, ვიცნობ. მის ძმას და ორ დასაც ვიცნობ. მის ბიძაშვილ გიორგისთანაც ვმეგობრობ.
- ლონდონში ხომ არ გპირდება წაყვანას?
- არა, მე ჩემი საქმე მაქვს. ვცეკვავ, ანსამბლში ვარ. ის სწავლობს და კიდევ რამდენი ხანი მოუწევს სწავლა, არ ვიცი.
- როგორც ჩანს, გრძნობასთან ერთად, შენ შენი პრინციპებიც გაქვს.
- შეიძლება. ასე უცებ ვერ წავყვები და ყველაფერს ვერ დავივიწყებ. სწავლა, სამსახური, ანსამბლი.
- სიყვარულისთვისაც?
- თუ ნამდვილი სიყვარული იქნება, მაშინ მაგაზე წამსვლელი ვარ. ოღონდ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ის ჭეშმარიტი სიყვარულია.
- ამ სიყვარულს აქვს ასეთი პერსპექტივა?
- წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- აქამდე გყვარებია?
- არა, ბავშვური გატაცებები იყო. ასე არ მყვარებია.
- თეა რჩევებს გაძლევს?
- თეას დიდი შიში აქვს, რომ გავთხოვდები. მაგრამ შემიძლია გულწრფელად ვუთხრა, რომ ჯერ არ ვაპირებ. ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარ. ჯერ და მყავს გასაზრდელი. თეას მოვეხმარები... მოკლედ, არ მცალია.
- ირაკლი რას ამბობს?
- ორივემ კარგად ვიცით, რომ ჯერ ეს ნაადრევია. თუ რამეს დავაპირებთ, პირველად თქვენ გეტყვით.
მარიამის შეფასება - ირაკლი მამაკაცურია - ზუსტი აღმოჩნდა. მან არ ისურვა თავის სიყვარულზე საჯაროდ ლაპარაკი. დილა იყო, ირაკლის კოლეჯში ეჩქარებოდა.
- ირაკლი, მარიამმა თქვა, იმდენი გააკეთა თავი შემაყვარაო.
- ჰო, რა ვიცი, როგორც ხდება. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.
- სიურპრიზების კეთება უყვარსო...
- ეგრე თქვა? იმ თვეში „ბუგატის“ ავტომობილს ვჩუქნი. არ იცის. სიურპრიზს ვუკეთებ.
- მართლა?
- არა, ვხუმრობ. ტარება არ იცის. თან „ბუგატი“ მილიონ ნახევარი ღირს. ახლა მეტროში უნდა ჩავიდე. სკოლაში მივდივარ.
- რა პროფესიის არჩევას აპირებ?
- მომავალ წელს ბიზნეს ეკონომიკაზე უნდა ჩავაბარო.
ოჯახის მწყემსი
როგორც გითხარით, ამასობაში გუჯა მათიაშვილი შემოგვესწრო. 44 წლის ხმელი აღნაგობის ყოფილმა მოცეკვავემ, ხელში ნაბოლარა ქალიშვილი აიყვანა და შემოგვიერთდა.
გუჯა მათიაშვილი: ოჯახში მხოლოდ იოანასაგან არ აუღიათ ინტერვიუ. სხვა ყველა ვარსკვლავი გახდა. მეც სულ ჩრდილში და კულისებში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლში ცხრა წელი ვიცეკვე.
- მარიამის აცეკვებას როგორ უყურებთ?
- პირველი რეაქცია რაც ის იყო, რომ ვერ დავიჯერე თუ ჩემს შვილს ასე შეიძლებოდა ეცეკვა. რეპეტიციაზე არ მინახავს და უცებ პირდაპირ ტელევიზორში ვნახე. თან მეუბნებოდნენ, ნახე, მარიამი რას ცეკვავს! ნახე რა შვილი გყავსო? თვითონაც დამოუკიდებელია და ჩვენც თავისუფლება მივეცით. ჩვენს კვალს თუ გაჰყვებოდა, არ მეგონა. თეაც ამბობდა, სტუდიაში იმიტომ მივიყვანე, რომ ცეკვის ჟინი მოეკლა და გაჩერებულიყოო, მაგრამ ჟინი არ მოუკლავს, პირიქით, გააგრძელა.
მოცეკვავეების ოჯახში მირიანი ცეკვავს, თუმცა თვითონ ამბობს, რომ არ უნდა მოცეკვავე გამოვიდეს.
მარიამი: ვაკის პარკში, „ასას“ კონცერტის მერე, სცენაზე ახტა და ისეთი იცეკვა, რომ ხალხი შოკში ჩააგდო.
გუჯა: არავის უთქვამს, ადი, იცეკვეო. მირიანი სასწაულად ცეკვავს. ყველანაირი მონაცემი აქვს, ნახევარ თბილისს ნანახი აქვს მისი ცეკვა. თავისი სტილი აქვს.
მე ხუთი წლის ვიყავი მშობლებმა ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. არ მიყვარდა ცეკვა, ხათრით დავდიოდი. თან მაშინ ისეთი დრო იყო, ქუჩის ბიჭები „მოცეკვავეებს“ სხვანაირად უყურებდნენ. ცეკვა მეექვსე კლასიდან შემიყვარდა. დიდუბეში სუხიშვილების სტუდიაში, გოგი სუხიშვილთან ვცეკვავდი. ქართულიც მაცეკვეს. მერე გამოცდა ილიკო სუხიშვილთან ჩავაბარე და ანსამბლში გადამიყვანეს.
მე და თეა „სუხიშვილებში“ შევხვდით ერთმანეთს. მერე მოგზაურობა იყო. ისრაელში ვიყავით დამოუკიდებლად რომ გადავწყვიტეთ დაქორწინება. მე 24 წლის ვიყავი, თეა - 19 წლის. ბეჭდები ვიყიდეთ და იერუსალიმში, გოლგოთაზე რომ ავედით, ბეჭდები მოვიხსენით და იქვე მირონი ვცხეთ. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ „რიტუალი“. ბეჭდები ისევ გავიკეთეთ და ჩამოვედით. რომ ჩამოვფრინდით, თეას მამა დაგვხვდა და თითებზე ბეჭდები რომ დაგვინახა, ძალიან არ ესიამოვნა. შეგვიბღვირა, მაგრამ ჩვენ ერთად ყოფნა უკვე გადაწყვეტილი გვქონდა. ჯვარიც მალე დავიწერეთ და ამერიკაში სამი თვე გასტროლით წასვლა მოგვიხდა. საქორწინო მოგზაურობაც შტატებში გამოგვივიდა. 1990 წელს შევუღლდით და 1995 წლამდე ანსამბლში ვიყავი. მერე აირია სიტუაცია, მხედრიონის პერიოდი იყო... მეც ხერხემლის პრობლემა მქონდა და მოკლედ, ანსამბლიდან წამოვედი. სამმა მოცეკვავემ ერთდროულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მას შემდეგ ოჯახში მწყემსი ვარ. მარიამი ძირითადად ბებიებმა გაზარდეს. მეც და თეაც აქტიური მოცეკვავეები ვიყავით. მერე ცეკვიდან რომ წამოვედი, თეა სულ წასული იყო. მირიანი რომ გააჩინა, იმ პერიოდში ხშირად გასტროლით იყო წასული. იოანას უკვე ყველანი ერთობლივად ვზრდით. საერთოდ, ამ ასაკში მშობლობა განსხვავებული გრძნობაა.
- მარიამი თეას ასაკში რომ გათხოვდეს, რა რეაქცია გექნებათ?
- ჯერ ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. არ მინდა ამ ასაკში გათხოვდეს.
- ჯერ არ ვაპირებო.
- ძალიანაც კარგი. მე სულ დახვედრა-გაცილების რეჟიმში ვიყავი. ახლა მარიამიც დაემატა.
მირიანი: ახლა, მე, მამა და იოანა დავრჩით.
გუჯა: ახლა იოანას იმედი მაქვს. ის მაინც მომხედავს.
No comments:
Post a Comment